ყვავილების სილამაზე და არომატი სასწაულებს ახდენს. ბუნების ამ საოცარ ქმნილებებთან ურთიერთობისას ადამიანი გაცილებით კეთილი, ნაზი და ალერსიანი ხდება. აღმოჩნდა, რომ მათ ბევრი რამ შეუძლიათ გვაუწყონ ამა თუ იმ პიროვნების ხასიათზე.
ზოგს კაშკაშა ფერის მცენარეები მოსწონს, მავანი - მინდვრის ყვავილებს ანიჭებს უპირატესობას. ქვემოთ მოყვანილი ტესტი საკუთარი `მეს~ შეცნობაში დაგეხმარებათ.
ჩამოთვლილი ყვავილებიდან ერთ-ერთი ამოირჩიეთ, რომელიც დანარჩენებზე მეტად მიგიზიდავთ და მისი შესატყვისი განმარტება ყურადღებით წაიკითხეთ. მაშ ასე, რომელი გირჩევნიათ?
1 ვარდი 2. ტიტა 3. მიხაკი; 4.ორქიდეა; 5. იასამანი და მინდვრის ყვავილები; 6. ქრიზანთემა; 7. წყლის შროშანი.
1.თუ ვარდი ამოირჩიეთ, აქტიური, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული ადამიანი ბრძანდებით, შეგიძლიათ მთელი გულით შეიყვაროთ და სხვასაც შეაყვაროთ თავი. ვარდი ხომ სიყვარულის სიმბოლოა. როგორც წესი, მყარი ფსიქიკა და სტაბილური ცხოვრება გაქვთ.
რეალურ სამყაროში არსებობთ და არა - ფანტაზიებში. გიყვართ კომფორტი, წესრიგი.
ვარდების მოყვარულთა შორის ბევრია ამბიციური და გარკვეულწილად აგრესიული ადამიანიც. ყოველ შემთხვევაში, ვარდს თავდაცვა კარგად ეხერხება და იოლად არავის დაეჩაგვრინება. ვარდების მოტრფიალეს მოშურნეც ბევრი ჰყავს, მის ირგვლივ ჭორებსა და ინტრიგებს ხლართავენ, მაგრამ მისი დამარცხება ძნელია.
2.ტიტების მოყვარული ადამიანი ერთობ მოქნილია. ცხოვრებისეულ სირთულეებს იოლად უმკლავდება, საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. მასთან ურთიერთობა იოლია, თუმცა მის რეალურ გეგმებსა და ჩანაფიქრებზე ვერაფერს შეიტყობთ.
ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანი ნამდვილი გამოცანაა. ერთი კი უდავოა, ის უკეთესი ცხოვრებისკენ ილტვის. ტიტების მოყვარული ქალი ენერგიულია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მისი გულის დასაპყრობად საკმაო გარჯა მოუწევთ. როგორც წესი, ასეთი მანდილოსნების ქმრები არცთუ ბედნიერები არიან. 3.რაც შეეხება მიხაკის მოყვარულს, ერთი მხრივ, ის საკმაოდ ოფიციალურ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. ამ ყვავილს, როგორც წესი, დიპლომატიისა და ფორმალური ურთიერთობების მოყვარული ანიჭებს უპირატესობას, ის, ვინც ნამდვილ სახეს მალავს.
მეორე მხრივ კი, ამ ნაზ ყვავილში არის რაღაც მიმზიდველი და მაცდური. მიხაკის მოყვარული ყველგან საკუთარ აზრს იცავს, მაშინაც კი, როცა ძალები მის მხარეს არაა და ამით ბევრს აღიზიანებს.
4.ორქიდეა ჩვენი გარემოსთვის დამახასიათებელი ყვავილი არაა. აქედან გამომდინარე, მისი მოყვარული თავს ფესვებიდან მოწყვეტილად გრძნობს. ამ ეგზოტიკური ლამაზმანის მოტრფიალე რთული და ორიგინალურია, საოცრად ჭირვეული.
ადვილად მისაღწევი არაფერი მოსწონს და ამისგან სიამოვნებას ვერ იღებს. ყველაფერში სინატიფესა და დახვეწილობას ეძებს. ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილოა.
5.იასამანსა და მინდვრის ყვავილებს უპირატესობას მკაცრი, არაეგზალტირებული პიროვნება ანიჭებს. შესაძლოა ეს ვიზუალური სიმკაცრე მას მომეტებული თავმოყვარეობის შესანიღბავადაც სჭირდება.
არახელსაყრელ სიტუაციაში ის საკუთარ თავში იკეტება, უცხოვდება და სიმშვიდეს ბუნების წიაღში ეძებს. იასამნის მოყვარული დახვეწილი, ნატიფი ადამიანია, რომელსაც მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. ხშირად განიცდის ენერგიის უკმარისობას და მიზნის მისაღწევად მთელი ძალით არასოდეს იბრძვის, თუმცა სხვების დახმარება ძალიან უყვარს.
6.რაც შეეხება ქრიზანთემების მოყვარულს, ის, როგორც წესი, რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილია და საკუთარ თავში ჩაკეტილია. ამდენად, მისი გაგება ძალიან ძნელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას საკუთარი თავი არ უყვარს, თუმცა ეს მოჩვენებითი ეფექტია. მასთან ურთიერთობა ბევრს უჭირს.
7.წყლის შროშანი ტყუილად კი არ არის სამეფო ჰერალდიკის ელემენტი. ამ ლამაზმანის მოყვარული თავს მეფედ გრძნობს. მისთვის საკუთარი ღირსება უმთავრესია. ენერგიულია, ამაყი, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული. მასში არის რაღაც არამიწიერიც. ერთობ დახვეწილი ნატურაა.
უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი თავდაჯერებულობა და სიჯიუტე. იგნორირებას უკეთებს სხვათა აზრს და თვლის, რომ ყველაფერში მხოლოდ თავადაა მართალი. თვითკრიტიკას მოკლებულია. უყვარს ფლირტი, ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღმერთებს აქსესუარებს, ძვირფას ნივთებსა და კოსტიუმირებულ შოუებს.
|